გრძელი ნათელი (ბნელი) დღეები…

2129713გრძელი ნათელი დღეები – ფილმი, რომელმაც არარსებული მოგონებები გამიცოცხლა. ის ფაქტები, რომლებიც  ჩემს ცხოვრებაში არასდროს მომხდარა, მაგრამ მათზე ბევრი მსმენია.  ფილმი საოცარი სიზუსტით აცოცხლებს წარსულს და ბნელი 90-იანების საქართველოში გამოგზაურებს. იქ, სადაც ქაოსი, უსამართლობა, ძალადობა, გაურკვევლობა, ჩაგრვა, განუკითხაობა და სიღარიბე ბატონობს – ეს ყველაფერი კი ადრე დილით, უსასრულო პურის რიგში დგომით იწყება და საღამოს, სინათლის მოლოდინით სრულდება. 

ფილმის მთავარი გმირები 14 წლის ეკა და ნათია არიან. ეკა არსებული მდგომარეობის და ზოგადად საბჭოთა რეჟიმის მოწინააღმდეგე ახალგაზრდობას გამოხატავს. მას არ უნდა, რომ ე.წ. “ტიპიური მოზარდი” იყოს, რომელიც უსამართლო მასწავლებელს თავდახრილი მოუსმენს და ბოდიშსაც მოუხდის. ეკა არ ეგუება იმას, რასაც  გარშემო ხედავს. ის გრძნობს, განიცდის, ფიქრობს და რაც მთავარია, საკუთარ აზრს გამოხატავს ისეთ საზოგადოებაში, სადაც დუმილი ადამიანების მფარველია. ნათია კი უბრალოდ ცხოვრების მსხვერპლია. ის ბავშვობიდან რაღაცას ეგუება, ჯერ ოჯახში ძალადობას, შემდეგ კი იმ ადამიანთან ცხოვრებას, რომელიც არ უყვარს. ნათია ფიქრობს, რომ მას უბრალოდ სხვა გზა არ აქვს. ეკა კი ცდილობს დაანახოს მას, რომ სხვა გზა ყოველთვის არსებობს.

გრძელი ნათელი დღეები განსაკუთრებით კარგად ასახავს ადამიანებს შორის ურთიერთობას: ცხოვრებისგან გამწარებული ბებია, რომელიც მთელ ბოღმას შვილიშვილებზე ანთხევს; ლოთი ქმარი, რომლისთვისაც ცოლის ცემა ჩვეულებრივი მოვლენაა; საბჭოთა “პრინციპებით” ტვინგამოტენილი მასწავლებელი, რომელიც ფიქრობს, რომ რას უფრო მეტ მოსწავლეს დაამცირებს მით უფრო ამაღლდება მისი სტატუსი; ე.წ. ქუჩის ბიჭები, რომლებიც თავიანთ “კაცობას” იცავენ – ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც 90-იან წლებში მდუმარე საქართველოში ცხოვრობდნენ.

ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი უდავოდ ღირსია იმ წარმატებისა, რომელიც მან საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვა. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ფილმს ბოლომდე მხოლოდ ქართველი მაყურებელი გაიგებს. უცხოელითვის ძნელი წარმოსადგენია, რომ ის რაც ფილმშია ასახული, მე-20 საუკუნის ბოლოს ხდებოდა. ჩვენ კი ვიცით, რომ “გრძელ ნათელ დღეებში” მოგონილი არაფერი არ არის. მართლა არსებობდა უსასრულო პურის რიგები, ლამაზ გოგონებს ყოველთვის იტაცებდნენ, ქმრები ცოლებს სცემდნენ, ახალგაზრდები ერთმანეთს იარაღს ჩუქნიდნენ და ქუჩის ბიჭებს ყველაფრის უფლება ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ მე ეს ყველაფერი საკუთარ თავზე არ გამომიცდია, ფილმმა მაინც უდიდესი ემოცია დამიტოვა. ვფიქრობ, რომ ის ყველამ უნდა ნახოს, რადგან ფილმი არ არის მხოლოდ ისტორიულ-დრამატული, არამედ ძალიან კარგი ცხოვრებისეული გაკვეთილია. გაკვეთილი, რომელიც არასდროს დამავიწყდება და რომელზეც კიდევ დიდხანს ვიფიქრებ.

 

2 thoughts on “გრძელი ნათელი (ბნელი) დღეები…

დატოვე კომენტარი